პროექტის შესახებ

Chemikhma.ge „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”-ს მიერ შექმნილი ვებგვერდია, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს 2017 წლის თბილისის მერის არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში.

ვებგვერდზე განთავსებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული 20 დახურული კითხვისგან შედგება. ასევე, მოცემულია ამ კითხვებზე  თბილისის მერობის 6 კანდიდატის* პასუხები. ამომრჩეველს საშუალება აქვს, შეავსოს იგივე კითხვარი და გაიგოს, თუ რომელი მათგანის მოსაზრებებთან დგას იგი ყველაზე ახლოს. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ მომხმარებელს ვებგვერდი აჩვენებს შედეგს, თუ რომელ თბილისის მერობის კანდიდატთან რამდენ პროცენტიანი თანხვედრა აქვს,

პროცენტული თანხვედრა გამოითვლება შემდეგნაირად: თუ კონკრეტულ კითხვაზე ვებგვერდის მომხმარებლისა და თბილისის მერობის კანდიდატის პასუხები სრულიად იდენტურია, ამ კითხვაში კანდიდატს მიენიჭება 100%. თუ ამომრჩევლისა და კანდიდატის პასუხები არ არის სრულიად იდენტური, მაგრამ მსგავსია, კანდიდატს მიენიჭება 75%. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩევლისა და კანდიდატის პასუხები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, კანდიდატს ენიჭება 0%. მაგალითად, ავიღოთ შემდეგი კითხვა და მასზე სავარაუდო პასუხები:

უნდა აღკვეთოს თუ არა სახელმწიფომ სტიქიური გარევაჭრობა?

ა) დიახ;

ბ) არა;

გ) დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარემოვაჭრეები დათანხმდებიან ალტერნატიულ ფართზე გადასვლას.

დავუშვათ, მერობის კანდიდატმა ამ კითხვაზე გასცა პასუხი „ა” (დიახ). თუ ვებგვერდის მომხმარებელი იგივე კითხვაზე ასევე გასცემს „ა” პასუხს, ამ კითხვაში ამ ამომრჩევლის კანდიდატთან დამთხვევა იქნება 100%. თუ ამომრჩევლის პასუხი, მაგალითად, იქნება „გ” (დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარემოვაჭრეები დათანხმდებიან ალტერნატიულ ფართზე გადასვლას), ეს ნიშნავს, რომ მისი და პარტიის პასუხები სრულად არა, თუმცა ნაწილობრივ დაემთხვა. ამ შემთხვევაში ამომრჩევლის პარტიასთან დამთხვევა იქნება 75%, ხოლო თუ ამომრჩეველი იტყვის „ბ”-ს (არა), პასუხების დამთხვევა იქნება 0%.  

კითხვარის სრულად შევსების შემდედ ყველა კითხვის შედეგი ჯამდება და მიღებული რიცხვი იყოფა 20-ზე, ანუ კითხვების რაოდენობაზე, რის შედეგადაც გამოითვლება ვებგვერდის მომხმარებლისა და თითოეულ მერობის კანდიდატების შორის საშუალო პროცენტული თანხვედრა.

 

* თბილისის მერობის 6 კანდიდატი:

  • ალექსანდრე ელისაშვილი - საინიციატივო ჯგუფი
  • გიორგი ვაშაძე - საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო”
  • კახა კუკავა - საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”
  • ზაალ უდუმაშვილი - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
  • თენგიზ შერგელაშვილი -  „შენების მოძრაობა“
  • ელენე ხოშტარია - საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო”

კითხვარი, ასევე, გაეგზავნა კიდევ სამ კანდიდატს - კახა კალაძეს, ირმა ინაშვილს და გიორგი გუგავას, რომლებმაც პასუხები არ მოგვაწოდეს.